საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ სენაკის ბაზაზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. II ქვეით ბრიგადაში განხორციელებული სამუშაოების პირველი ეტაპის შედეგად კაპიტალურად გარემონტდა 11 ყაზარმა და შტაბის ერთი შენობა; რეაბილიტაცია გაუკეთდა შიდა გათბობის სისტემას, მოეწყო სავენტილაციო სისტემა. ყაზარმებში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საძინებელ ოთახებს, საშხაპეებს, საპირფარეშოებს, კლასებსა და დერეფნებს. უახლოეს დღეებში დასრულდება რკინა-ბეტონის წყალშემკრები ორი ავზის სამშენებლო სამუშაოები.
"სენაკის ბაზაზე ჩვენი ჯარისკაცები განახლებულ პირობებში იმყოფებიან. საქართველოს მთავრობამ, ჩვენ, ავიღეთ ვალდებულება, რომ თვისობრივად შევცვლით იმ პირობებს, რომელშიც ჩვენი გულადი ჯარისკაცები სამხედრო სავალდებულო თუ პროფესიულ სამსახურს გადიან. ხარისხი ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია. ამიტომ, ვამოწმებთ მიმდინარე პროექტებს. გარკვეული შენიშვნები, რაც ხელმძღვანელი პირებისა და სამხედროების მხრიდანაა, გათვალისწინებულია. მინდა დავპირდე ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანა - ყველა ჯარისკაცს ღირსეული პირობები ჰქონდეს - შესრულებული იქნება" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სენაკის ბაზაზე მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია 7 ობიექტისა და სასადილოს გარემონტება. პროექტი უკვე მზადაა და მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები