Error
ახალი ამბები
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დღევანდელი შეტაკებების დროს სამი ადამიანი დაიღუპა
სამი ადამიანი დაიღუპა კიევში, ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის დღეს მომხდარი დაპირისპირებისას. ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. "ოფიცერთა სახლში გახსნილ სამედიცინო პუნქტში სამი ადამიანი დაიღუპა. უამრავი ადამიანია დაშავებული, ათეულობით კი მძიმედაა დაჭრილი", - განუცხადა "უკრაინასკაია პრავდას" ექიმმა ოლგა ბოგომოლეცმა. მისივე თქმით, ეს ადამიანები იმიტომ დაიღუპნენ, რომ მათ დროზე არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. "ეს ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ. ჩვენამდე არ უშვებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ადამიანები იღუპებიან, რადგან ვერ იღებენ დროულ დახმარებას", - განაცხადა ოლგა ბოგომოლეცმა. კიევის ცენტრში ამ წუთებამდე გრძელდება დაპირისპირება ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის. ძალოვანებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დემონსტრანტები კი საპასუხოდ ქვებს ესვრიან. კიევის რამდენიმე ქუჩა ცეცხლის კვამლშია გახვეული – აქტივისტები საბურავებს წვავენ. 
Print