კორპორაცია Google-ი რევოლუციურ სმარტფონ Ara-ზე მუშაობს, რომლის ერთერთი ვარიანტის გამოშვება 2015 წლის იანვარში იგეგმება. დიდი ალბათობით, მოდულური სმარტფონი ძვირი არ ეღირება.
Ara ეს არის მოდულური სმარტფონი, რომელიც შედგება დამოუკიდებელი ნაწილებისგან (ფირფიტებისგან) და რომელიც მთლიანობაში ქმნის სმარტფონს.
სმარტფონის კარკასზე ცალ-ცალკე მაგრდება - ეკრანი, პროცესორი, მეხსიერების ბარათი, კამერა, გადამცემები, ჩიპები, დინამიკები და ა.შ. ამგვარად, მოდული მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად ააწყოს სმარტფონი და საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, პრიორიტეტი მიანიჭოს სხვადასხვა ნაწილების სიძლიერეს. მაგალითად, სმარტფონს უფრო ხარისხიანი კამერა ან უფრო ძლიერი პროცესორი ”ჩაუყენოს” და ა.შ.
მუშავდება სმარტფონის სამი სხვადასხვა ზომა - პატარა, საშუალო და დიდი. ეკრანის სიდიდის პროპორციულად, სმარტფონზე შესაძლებელი იქნება უფრო მეტი მოდულის დაყენება.
კორპორაცია 2015 წლის იანვარში ე.წ. Grey Phone-ს გამოუშვებს, რომელიც Ara-ს ერთერთი ვარიანტი იქნება, ოღონდ მინიმალური კომპლექტაციით. Grey Phone-ის კომპლექტში შევა - ეკრანი, პროცესორი და Wi-Fi მოდული. რა ეღირება Grey Phone-ი, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუმცა მათი ინფორმაციით, მოწყობილობის თვითღირებულება 50 დოლარია. უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე მზა სახის სმარტფონის ღირებულებაც ხელმისაწვდომი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები