Error
ახალი ამბები
უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია
უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე, უკრაინის უმაღლესმა რადამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადადგა და რუსეთში გაიქცა. არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტობის პოსტზე კენჭს სულ 21 კანდიდატი იყრის. თუ ხმების დათვლის შემდეგ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს, უკრაინაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პირველი ტურის ორი ფავორიტი კანდიდატი მიიღებს. თავდაპირველად არჩევნებისთვის უკრაინაში 225 საარჩევნო ოლქი შეიქმნა, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საარჩევნო ოლქების რაოდენობა 213-მდე შემცირდა. ამასთან, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ ოლქში პრორუს სეპარატისტებს ამ დრომდე დაკავებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები და საარჩევნო კომისიები. სეპარატისტთა ლიდერების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლუგანსკში 1 771 873 ამომრჩეველია, დონეცკის ოლქში კი - 3 289 616. პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვალენტინ ნალივაიჩენკოს განცხადებით, არჩევნების დღეს სპეცოპერაციები არ ჩატარდება.
Print