Error
ახალი ამბები
"ჩიხურა"-"ბურსას" მატჩის შემდეგ ქართველი და თურქი ჟურნალისტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
"ჩიხურა"-"ბურსას" მატჩის შემდეგ ფეხბურთელების გარდა ერთმანეთს ფიზიკურად ქართველი და თურქი ჟურნალისტებიც დაუპირისპირდნენ. ორი ქვეყნის მედიის წარმომადგენლებს შორის ინციდენტი საპრესკონფერენციო დარბაზში მოხდა, სადაც "ბურსას" მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა ქართველ ჟურნალისტებს ყვირილი დაუყო. ქართველ ჟურნალისტებს შორის თურქულის მცოდნე აღმოჩნდა, რომელმაც გაიგო, როგორ უთხრა სტუმართა მთავარ მწვრთნელს თურქმა ჟურნალისტმა ქართველებისთვის არაფერი ეთარგმნათ. განსაკუთრებით აქტიურობდა წაგებით აღშფოთებული, მედიის წარმომადგენელი რამდენიმე სტუმარი, რომელთაგან ერთმა ქართველ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ფეხბურთელებს შორის ჩხუბის დროს, ასევე აღნიშნულ შემთხვევაში ვითარების განსამუხტავად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. გუშინ, "ჩიხურასა" და "ბურსას" ფეხბურთელებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება პენალტების სერიის შემდეგ მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თორნიკე მუმლაძემ გამარჯვების გოლი თურქი გულშემატკივრების ტრიბუნასთან გამომწვევად იზეიმა. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურამ" პენალტების სერიაში თურქული "ბურსა" ანგარიშით 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გუშინ გაიმართა.
Print