ახალი ამბები
დავით ნარმანია სახელფასო დანამატების თემაზე განცხადებას ავრცელებს
სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი იმოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე. ამჟამად კი მერია აღნიშნული საკითხის დარეგულირების მოდელზე მუშაობს. მერიის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "თბილისის მერიის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის სახით გამოქვეყნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის შესახებ. აღნიშნული ბრძანება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ: საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი იმოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე. ამჟამად მერია მუშაობს აღნიშნული საკითხის დარეგულირების მოდელზე, რაც საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქვე, განვმარტავთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ანაზღაურება (სახელფასო ფონდი თუ დანამატი) არ შეცვლილა. ამასთან, სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც, ერთი მხრივ, გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ მენეჯერთა ანაზღაურება მათი კვალიფიკაციის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს.
Print