ახალი ამბები
ებოლას ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
მაკედონიაში ბრიტანეთის მოქალაქე სავარაუდოდ, ებოლას ვირუსით დაიღუპა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, ბრიტანელის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ორი დღის შემდეგ გახდება ცნობილი , თუმცა სკოპიეში დაკეტეს სასტუმრო, სადაც ბრიტანელი ტურისტი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობია გარდაცვლილი იმყოფებოდა თუ არა დასავლეთ აფრიკაში. ბოლო მონაცემებით, ჰემორაგიული ცხელების ვირუსით დაავადება დაუმტკიცდა გერმანიის მოქალაქეს. გერმანელ ექიმთა განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კრიტიკული. ებოლას ვირუსის სავარაუდო შემთხვევას იკვლევენ პრაღაშიც, სერბეთში კი დაკვირვება ერთბაშად 700 ადამიანზე მიმდინარეობს. ავსტრალიაში ჰოსპიტალიზირებულია 57 წლის მედდა, რომელიც სიერა ლეონედან დაბრუნდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსს ამ დრომდე 3 860 ადამიანი ემსხვერპლა, უმრავლესობა მათგანი ძირითადად დასავლეთ აფრიკაში გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 200-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკია. ებოლას ჰემორაგიული ცხელება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში - გვინეა, სიერა ლეონე, ლიბერია - წლის დასაწყისში გავრცელდა. ვირუსი აღმოჩენილია 1976 წელს ზაირში, ახლანდელ კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლას რაიონში.
Print