ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი ბრალდების მოწმეების დაკითხვის ეტაპით დღეს, 12:00 საათზე განახლდება.
გუშინდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე, მათ შორის ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამა და სოფლის რამდენიმე მოლა დაკითხეს, რომლებმაც უსუპოვის ცხედარი მუსლიმური წესების მიხედვით განბანეს.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა, აღნიშნული მოწმეები საქმეში მნიშვნელოვანი მოწმეები არიან, რომლებიც ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს გულმკერდის ზედაპირზე ორივე მხარეს დაზიანებები აღენიშნებოდა ნაჩხვლეტების სახით.
"მოწმეები ამბობენ, რომ ნაჩხვლეტი იმ ზომის იყო, რომ ასანთის ღერი ჩადიოდა. ეს ამტკიცებს იმ ვერსიას, რომ აშკარა და ხილული დაზიანებები იყო. რაც სოფლის მოლებმა დაინახეს, უნდა დაენახა საქმის ექსპერტ ლევან ჩიჩუას, რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა ცხედრებზე", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.
საპირისპიროს აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ ტაბიძე. ექსპერტ ჩაჩუას დამცველი აცხადებს, რომ საქმეში არსებული ვიდეო და ფოტომასალა არ აღწერს აღნიშნულ დაზიანებებს, რომლებზეც მოწმეები საუბრობენ. აღნიშნული ვიდეომასალა გუშინდელ პროცესზე დახურული სხდომის რეჟიმში წარადგინეს.
"კატეგორიულად გამოვრიცხავ, ასეთ რამეს ადგილი არ აქვს. საერთოდ გამოვრიცხავ დაზიანების ფაქტებს გულმკერდის არეში. ასეთი რამ არ ფიქსირდება, ექსპერტიზის ჩატარების დროს რაიმე მსგავს საეჭვო უბანს ადგილი არ ქონია. ის, რაზეც მოწმეები საუბრობენ, არის ექსპერტიზის ჩატარებიდან მეორე დღე. საქმის მასალებთან აღნიშნული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა", - განაცხადა ზურაბ ტაბიძემ.
ლევან ჩაჩუა დაახლოებით 7 თვის წინ დააკავეს. მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილების სხეულზე არსებული დაზიანებები საექსპერტეზო დასკვნაში სრულად არ ასახა.
მასალის გამოყენების პირობები