ახალი ამბები
კრიზისების მართვის საბჭოს დავით სუჯაშვილი უხელმძღვანელებს
კრიზისების მართვის საბჭოს დავით სუჯაშვილი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება პრემიერ- მინისტრმა მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დავით სუჯაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. არსებული ინფორმაციით, დავით სუჯაშვილი აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2012 წლის დეკლარაციის თანახმად, დავით სუჯაშვილის ანგარიშებზე საერთო ჯამში 32 900 ლარი ირიცხება. გარდა ამისა, ის ფლობს 2004 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომობილ Hyundai Tucson-ს. დავით სუჯაშვილი ძმასთან, ივანე სუჯაშვილთან ერთად ფლობს 90 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს მუხიანში, 400 კ.მ. მიწის ნაკვეთს სტეფანწმინდაში, ასევე სტეფანწმინდის რაიონში ის ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს, რომლის ჯამური მაჩვენებელი 1731 კვ.მ.-ს შეადგენს. გერგეთშივე სუჯაშვილების საკუთრებაშია კიდევ ერთი 112 კვ.მ. ფართობი საცხოვრებელი სახლი. დავით სუჯაშვილის მეუღლის ეკა ბუნტურის საბანკო ანგარიშებზე კი ჯამში 7000 დოლარია განთავსებული. ქონებრივი დეკლარაცია დავით სუჯაშვილმა 2012 წელს შეავსო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი არ ჰყავდა, რადგან პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრი გახდა. მას შემდეგ კი თანამდებობა დღემდე ვაკანტური იყო.
Print