ახალი ამბები
ზუგდიდში ენმ-ის ყრილობის დელეგატები აირჩიეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ზუგდიდში კონფერენციაზე 310 დელეგატი აირჩიეს. ისინი თბილისში 20 იანვარს დაგეგმილ პარტიის რიგით VII ყრილობაში მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციას, რომელიც პარტიის ოფისის შენობაში არსებულ დარბაზში გუშინ, 10 იანვარს ჩატარდა, პოლიტსაბჭოს წევრები ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი ესწრებოდნენ. კონფერენციის ჩატარება კი საორგანიზაციო კომისიამ უზრუნველჰყო, რომელიც პარტიის 50-ზე მეტი ადგილობრივი წევრისგან დაკომპლექტდა.

ქალაქის საკრებულოს დეპუტატის ანა წითლიძის განმარტებით, კონფერენციის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დელეგატების დამტკიცებას ხელი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა დამენიამ არ მოაწერა.

"აქედან გამომდინარე, პარტიულმა აქტივმა გადაწყვიტა კონფერენციის ჩატარება და ამ წესით დელეგატების არჩევა, "- განაცხადა "ენმ"-ის წევრმა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, შეკრებაზე პარტიულმა აქტივმა უნდობლობა გამოუცხადა პარტიის რეგიონულ კოორდინატორს და პარლამენტის წევრებს თენგიზ გუნავასა და ლაშა დამენიას.

"ენმ"-ის ნაწილს, მათ შორის, რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატებს და ამავე პარტიის პარლამენტის წევრებს თბილისში 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობის ლეგიტიმურობაში ეჭვი ეპარებათ. მათ ამის შესახებ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.

Print