ახალი ამბები
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ხელშესაწყობად 590 000 ლარი გამოიყო

"საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარებისა"

და "საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის" პროგრამა იწყება. ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. მას ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მოაწერა.

უწყების ცნობით, წელს, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 590 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც გრანტის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება. 2017 წლიდან პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავს.გრანტები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატი თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების კუთხითაც გამოიყენა. წელს, ეს მიმართულება 50 000 ლარით დაფინანსდა.

ცნობისთვის, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო საგრანტო პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს.

 

Print