„თანასწორობა გვჭირდება“ - კამპანია ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის (ვიდეო)
16:49 / 19.10.2018
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული კამპანია გაიმართა. მოეწყო თანამონაწილეობითი
პერფორმანსი-ინსტალაცია, რომელთა მეშვეობით ღონისძიების სტუმრებმა საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, მოწვეულმა სტუმრებმა თათია სამხარაძემ და ციცინო შენგელიამ, ქალების კარიერული განვითარების გამოწვევებზე, სექსუალურ შევიწროებაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებსაც ქალები აწყდებიან. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP Georgia ) მენეჯერის მაკა მეშველიანის თქმით, კამპანიის მიზანია გაზარდოს ცნობიერება იმ უთანასწორობის შესახებ, რასაც ქალები აწყდებიან ეკონომიკურ საქმიანობაში.
„დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროება, ხელფასებს შორის განსხვავება, წვდომა სერვისებზე და ფინანსურ რესურსებზე, ეს ყველაფერი, სხვა ფაქტორებთან ერთად არის ხელისშემშლელი ბარიერები, რაც უნდა აღმოიფხვრას“, - აღნიშნა მან.
სამსახურში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, საკუთარი ისტორია მოყვა ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ. მან საქართველოში პირველმა, საკუთარ უფროსს სასამართლოში უჩივლა და დავა მოუგო. ამბობს, რომ სტიგმასთან ბრძოლა გაუჭირდა, თუმცა დუმილი უფრო მეტად დამთრგუნველი იქნებოდა. ზუგდიდში გამართული ღონისძიების შემდეგ კამპანია ქუთაისსა და ოზურგეთში გადაინაცვლებს. აღნიშნული აქტივობები უკვე ჩატარდა თბილისში, თელავსა და ბათუმში.
კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. მისი მეორე ფაზა 2018-2019 წლებში მიმდინარეობს და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. სოციალური კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები