ახალი ამბები
საკრებულოში ხმაური მოჰყვა არასამთავრობოების შეთავაზებას "აგენტების" კანონის განხილვის შესახებ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებას "ქართული ოცნების" წევრებისადმი "აგენტების" კანონის მუხლობრივი განხილვის შესახებ.

რამდენიმე მათგანმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ, რადგან მათ "არ ესმით" კანონის შინაარსი, მზად არიან, დეტალურად გააცნონ და განუმარტონ, რატომ არის კანონი "რუსული" და რატომ არის საფრთხე ქვეყნისთვის.

პასუხად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებენ, რასაც მოჰყვა ხმაური.
თავად ენმ-ს ყოფილმა და ამჟამად "ახალის" წევრმა მმართველი პარტიის წევრს, პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ენმ-ს მმართველობის დროს მისი სწორედ ამ პარტიის მხარდაჭერა შეახსენა. ნათია ხუფაცარიას მისივე მოსწავლეების მშობლებმა მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებაც დაუწუნეს და უთხრეს, რომ მან ანტირუსული ნახატი გამოფენაზე არ დაუშვა, რაზეც დირექტორმა უპასუხა, რომ გამოფენის თემა პუტინი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ მისი ოჯახის წევრები აფხაზეთის ომში იბრძოდნენ.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარემ გახარიას პარტიიდან გიგა ფარულავამ დამსწრეებსა და კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რაზეც "ოცნებიდან" საკრებულოს წევრმა ნატალია შეროზიამ უთხრა, რომ უნდა "რცხვენოდეს, რადგან არასამთავრობოების დასაცავი" გახდა. თავად ფარულავამ კი ოპონენტებს განუმარტა, რომ მას კარგად ახსოვს, ვინ უჭერდა მხარს და ვინ იყო ენმ-ს წევრი.

ოპონენტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე შეახსენეს იმ უცხოური გრანტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებას ხმარდება სხვადასხვა მიმართულებით.



ამავე თემაზე: 

არა რუსულ კანონს - საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს (ფოტო)
Print