აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მიიღებენ დადგენილებას და ბათილად გამოაცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.
მისი თქმით, ამ საკითხთს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც განიხილავენ და შესაბამის განცხადებასაც გააკეთებენ. დისკუსიების მორიგი რაუნდი 4-5 მარტს გაიმართება.
„ეს არჩევნები კი არის დე ფაქტო, მაგრამ არის სრულიად უკანონო და ჩვენ ამას არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ იურიდიული დოკუმენტის გამოქვეყნებით ვადასტურებთ,“ - აღნიშნა მან.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საპრეზიდენტო“ არჩევნებში რუსეთის ჩარევა უპრეცედენტო იყო.
„რუსეთი ყოველთვის ყველა არჩევნებში ერეოდა, არა მარტო მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ ადრე რუსეთის „ფავორიტი“ კანდიდატი ყოველთვის აგებდა, ახლა, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში, ძალიან დიდი სხვაობით იმარჯვებს პრორუსული კანდიდატი. ეს არის უპრეცედენტო ჩარევის შედეგი, რომლის მსგავსი ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში არ გვახსოვს“, - ამბობს გამახარია.
ის მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია რეპრესიები, აფხაზი ოპოზიციონერის, ადგურ არძინბას მიმართ, რომელიც „საპრეზიდნეტო“ არჩევნების მეორე ტურში გავიდა, ბადრა გუნბასთან ერთად.
„... არ არის გამორიცხული, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვან. ეს ადამიანი აფხაზთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს. არძინბა ამ წუთამდე დუმს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის არის მკაცრად გაფრთხილებული. ის ემზადებოდა, არ ეღიარებინათ ეს ე.წ. არჩევნები და დაეწყოთ ქუჩის აქციები და ხელმეორედ გადატრიალება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მკაცრად გაფრთხილებულები არიან და ეს ვერ გაბედეს. ასე რომ ეს ადამიანი ძალიან უცნაურად დუმს,“ - განაცხადა გამახარიამ.
1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების
მეორე ტური გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.
დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით,
ბადრა გუნბამ „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 54,73% დააგროვა, ხოლო მეორე კანდიდატმა ადგურ არძინბამ - 41,54%.
„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც
15 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგურ არძინბა, ბადრა გუნბას მსგავსად, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობდა, ოპოზიციონერს ბრალს სდებდნენ „პროთურქულ“ და „ანტისომხურ“ პოზიციაში.
1 მარტს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრის რაიონში, ერთ - ერთ საარჩევნო უბანზე,
სროლა იყო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აფხაზეთში სროლასთან დაკავშირებით,
„ტერორიზმის“ მუხლით საქმე აღძრა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2 მარტს გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს", რომელიც უწყების
განცხადების თანახმად, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
მანამდე, 1 მარტს,
უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა გმობს და არ აღიარებს "საპრეზიდენტო" არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში
ცნობისთვის, ყოფილი აფხაზი ლიდერი, ასლან ბჟანია "პრეზიდენტის" თანამდებობიდან 19 ნოემბერს
გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის
ჩაშლა.
მასალის გამოყენების პირობები