საბერძნეთის პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა.
როგორც საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ განაცხადა, საბერძნეთის პარლამენტის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის აქტიური ურთიერთთანამშრომლობის და მჭიდრო კავშირების მაღალი დონე.
„აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ურთიერთაღიარების საფუძველზე, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობების მფლობელებს შესაძლებლობა მიეცათ, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს მათ უკეთ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში“, – თქვა ელჩმა.
საგარეო უწყების ცნობით, ხელშეკრულება საქართველოსა და საბერძნეთის მთავრობებს შორის 2024 წლის 26 სექტემბერს ათენში გაფორმდა. შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ დღეს საბერძნეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. მისი ამოქმედება მოხდება მას შემდეგ, რაც რატიფიცირების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური არხებით ეცნობება ქართულ მხარეს.
მასალის გამოყენების პირობები