ახალი ამბები
მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ შეიძინონ კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - სეს
სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

მათი თქმით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ. შემოწმებისას ყურადღება ექცევა წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების, სურსათის შენახვის პირობების, ვადების და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დაცვის საკითხებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, შემოწმდა კვერცხის 41 მწარმოებელი; ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა. ამავდროულად, საკონდიტროებში 175 შემოწმებიდან, გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.

Print