ახალი ამბები
მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აიკრძალა
პარლამენტმა უცხოური გრანტების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი „ქართული ოცნების“ 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.

ცვლილების თანახმად, კანონს დაემატა ახალი მუხლი, რომელიც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესს დაარეგულირებს. მასში გაჩნდა „აკრძალული გრანტის“ ცნება - ანუ დონორის მიერ ორგანიზაციის დაფინანსება, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“. დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, წარადგინოს ხელშეკრულების პროექტი.

გრანტის გაცემისა და მიღების „კანონიერებას“ ანტიკორუფციული ბიურო შეამოწმებს. მას შეეძლება, გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში და გამოჰკითხოს ადამიანები. ანტიკორუფციული ბიურო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.

„აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით“, - წერია კანონპროექტში, მასში ასევე აღნიშნულია, რომ თუ პირი ცრუ ჩვენებას მისცემს, მას 2000 ლარით დააჯარიმებენ.

Print