ახალი ამბები
დღეს აღდგომაა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.

სიონის საკათედრო ტაძარში, სააღდგომო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღასრულა და მრევლს აღდგომა მიულოცა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სააღდგომო სადღესასწაულო საღმრთო ჟამისწირვა, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა გერასიმემ, ქადაგებით მიმართა მრევლს და მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

მოწმუნეთათვის ეპარქიაში ჩამოაბრძანეს იერუსალიმის წმიდა ცეცხლი.

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.

მართლმადიდებელთა რწმენით, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლის რიტუალი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში III საუკუნიდან სრულდება.

ცეცხლი იერუსალიმიდან თბილისშიც ჩამოაქვთ ხოლმე - ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა.



Print