ახალი ამბები
შსს - მ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით სამეგრელოში ბავშვის დედა და ბებია დააკავა
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ დედა და ბებია დააკავა.

ინფორმაცია და ბავშვის დაზიანებების ამსახველი ფოტოები თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

ამავე ცნობით, არასრულწლოვანი რამდენიმე დღის განმავლობაში, ნაცემი საღორეში იყო ჩაკეტილი. ბავშვს მრავლობითი სხეულობრივი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ნაკბენების კვალი.

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი თვითონ გაექცა სავარაუდო მოძალადეებს და დახმარებისთვის ნათესავს მიმართა.

„უცემიათ, დაუკბენიათ... საღორეში დაუმწყვდევიათ“, - უთხრა ტელევიზიას ბავშვის ნათესავმა. როგორც მას ბავშვმა უთხრა, მხოლოდ წყალს აწვდიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

მათ ბრალად ედება „წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ“

შსს- ს თანახმად, დედა - 44 წლისაა, ბებია - 70 - ის.

უწყების ცნობით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





Print