ახალი ამბები
1 მაისიდან "მთავარი არხის" მაუწყებლობა სრულად შეწყდება - არხის თანამშრომლებმა შეტყობინება მიიღეს
დღეს, 28 აპრილს, „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, 1-ელი მაისიდან არხის მაუწყებლობა სრულად შეწყდება. შესაბამის ინფორმაციას არხის ჟურნალისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი, მთავარი არხის იმერეთის კორესპონდენტობა. ეს თითქმის 6 წელი იყო რთული, საპასუხისმგებლო, ემოციური, პრობლემებით სავსე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან საინტერესო. დღეს უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ ახალი TV ვერ იხსნება, მთავარი არხის საეთერო მაუწყებლობა კი 1-ლი მაისიდან სრულად შეწყდება. მიხარია, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი და გული მწყდება, რომ ასე დასრულდა" - წერს ირაკლი ვაჩიბერაძე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ "დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება”.

15 თებერვალს მთავარი არხის ოფიციალურ ვებსაიტზე განცხადება გავრცელდა. „არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული”, - თქვეს ტელეკომპანიაში.

ამ დღის შემდეგ, მთავარი არხის ეთერში მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები გადიოდა.ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, შეჩერდა.

„მთავარი არხი” 2019 წლის 17 აგვისტოს შეიქმნა. ის "რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. ეთერში 2019 წლის 9 სექტემბერს გავიდა.

Print