ახალი ამბები
მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა, 55%-ს კი წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა - ACTR-ის კვლევა
„ეისითი კვლევის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის ნაწილში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი საკმაოდ მაღალია.

დოკუმენტში წერია, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი — 56%-ის აზრით, ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი. ამ პროგნოზს ფონად გასდევს უარყოფითი შეფასებები პირად მატერიალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

„ბოლო 6 თვის განმავლობაში მოსახლეობის 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. როგორც ჩანს, შიში ეკონომიკური მომავლის მიმართ არ არის მხოლოდ თეორიული მოლოდინი, არამედ ეს განცდა უკვე არსებულ რეალობასაც ეფუძნება“.

ACTR-ში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აშკარად ჩანს ეკონომიკური გამოწვევები: მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა, ხოლო 55%-თვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა. მათივე ცნობით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ფინანსური რესურსების შეზღუდვა კრიტიკულად ეხება ადამიანის ყოველდღიურ, ბაზისურ საჭიროებებს.

დოკუმენტის თანახმად, გამოკითხულთა 44% ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს. როგორც განმარტავენ, ეს ტენდენცია ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება ხელისუფლებას აღიქვამს, როგორც მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ სუბიექტს და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების ძირითად განმაპირობებელ ძალას. ამავე დროს, 29% საკუთარ თავზეც იღებს პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, რომ არსებულ სიტუაციაში წვლილი მათაც მიუძღვით.

„68% აცხადებს, რომ უახლოეს 6 თვეში სავარაუდოდ თანხას დახარჯავს ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე. აღნიშნული ადასტურებს, რომ ჯანმრთელობა მოსახლეობისთვის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.

გარდა ამისა, 40% განიხილავს ხარჯვას განათლების მიმართულებით, რაც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარი მომავლის მიმართ. ეს მიანიშნებს მოსახლეობის ნაწილში არსებული განწყობისკენ — ეკონომიკური არასტაბილურობა პროფესიული განვითარების გზით გადალახონ“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ACTR-ში აცხადებენ, რომ გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, 800 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით და მიმდინარეობდა 2025 წლის 17-23 მარტს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა

Print