ახალი ამბები
2024 წელს ერთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1 896 ლარი, ხარჯი კი - 1 736 ლარი იყო - სტატისტიკა
2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 10.1 პროცენტით გაიზარდა და 1 896 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 13.2 პროცენტით გაიზარდა და 590 ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

როგორც 2024 წლის ცხოვრების დონის მაჩვენებლებში ვკითხულობთ, ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 12.6 პროცენტით გაიზარდა და 1 978 ლარი გახდა, სოფლის ტიპის დასახლებებში კი 5.5 პროცენტით მოიმატა და 1 755 ლარი შეადგინა.

საქსტატში აღნიშნავენ, რომ საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 5.2 პროცენტით გაიზარდა და 1 736 ლარს მიაღწია, ერთ სულზე 8.2 პროცენტით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.1 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.

Print