დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ზუგდიდელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო (ვიდეო)
22:10 / 24.09.2017
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად)
სიჭინავამ ადგილობრივ მოსახლეობას
კულტურის ცენტრ „ოდიშში“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. მანამდე,
ამომრჩევლებს სიტყვით ვეტერანმა ფეხბურთელებმა მურთაზ ხურცილავამ,
თემურ ქეცბაიამ და სხვებმა მიმართეს. მათ ზუგდიდელებს სიჭინავას
კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„ზუგდიდელებისთვის ეს არის შანსი...მჯერა, რომ თუ მოსახლეობა ზვიადის
გვერდით დაუდგება და ის გახდება მერი, ზუგდიდი იქნება წარმატებული
ქალაქი“, - ამბობს ქეცბაია ვიდეოჩანაწერში, რომელიც დღევანდელ
შეხვედრაზე უჩვენეს.
პროგრამის პრეზენტაციამდე, შეკრებილებს სიტყვით სიჭინავამაც მიმართა
და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მერი არაპოლიტიკური ფიგურა უნდა
იყოს.
„ბუნებრივია, საკუთარი პარტიის მიმართ ერთგულება დასაშვებია და
პოლიტიკური პროცესების ნაწილია, მაგრამ მერმა პირველ რიგში უნდა
შეძლოს საკუთარი თავის გაიგივება ამომრჩეველთან და მათი პრობლების
გაზიარება“, - აღნიშნა მან.
მერობის დამოუკიდბელი კანდიდატი თვლის, რომ სხვა კანდიდატებთან
შედარებით, აპოლიტიკურობა მისთვის ერთგვარ უპირატესობას
წარმოადგენს.
„თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არაპარტიულობა არ ნიშნავს
დაპირისპირებას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. მე ჩემს თავს, არჩევის
შემთხვევაში, მოვიაზრებ მენეჯერად, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა
დაეკისრება თავის ამომრჩევლისა და კანონის წინაშე. მე შევძლებ ვიყო
ზუგდიდის მერი, რომელსაც სრულიად გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა
ამომრჩევლისა და ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა სიჭინავამ.
დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი
დასაქმება და სოციალური უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, სიჭინავა თვლის,
რომ მნიშვნელოვანია განათლების, ტრანსპორტის, სპორტისა და
ინფრასტრუქტურის საკითხები.
ფართომასშტაბიან პრეზენტაციამდე, დომენტი სიჭინავამ საკუთარი ხედვები
მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებსა გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები