Google-მა და Novartis-მა დიაბეტიანებისთვის კონტაქტური ლინზები უნდა გამოუშვას
14:32 / 16.07.2014
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტიGoogle და შვეიცარიული ფარმაცევტული გიგანტი Novartis-ი თანამშრომლობას იწყებს და კოოპერაციის ფარგლებში დიაბეტით დაავადებულებისთვის „ჭკვიან“ კონტაქტურ ლინზებს გამოუშვებს. ლინზებს შეეძლება სისხლში შაქრის დონის გაზომვა და ასევე მხედველობის კორექტირება.
პროდუქტის ლიცენზირებით და გაყიდვებით, Novartis-ის ოფთალმოლოგიური ქვედანაყოფი Alcon-ი დაკავდება. ტექნოლოგია კი ამერიკული კომპანიის ქვედანაყოფმა, Google[x]-მა შეიმუშავა.გარიგების ფინანსურ დეტალებზე არაფერია ცნობილი.
Novartis-ის ხელმძღვანელმა ჯო ჰიმენესმა განაცხადა, რომ ორ კომპანიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს Google-ის მოწინავე ტექნოლოგიების და Novartis-ის ბიოლოგიის ცოდნის გაერთიანება და ამის გამოყენება მედიცინის პრობლემების მოსაგვარებლად.
„ჭკვიან ლინზაში“ ჩამონტაჟებულია ანტენა, რომელიც ადამიანის თმის ღერზე უფრო წვრილია და რომელიც მისი მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სმარტფონს ან პლანშეტს გადასცემს.
მასალის გამოყენების პირობები