ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
11:49 / 09.02.2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბეჟან თოდუა დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან განაცხადეს, რომ გამოძიებით დადგენილია, 2015 წლის 7 თებერვალს ბრალდებულმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები