იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებული საჩივრების შესწავლა დასრულდა
13:00 / 10.02.2015
ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით პრობლემის გადაჭრის გზებზე მთავარი პროკურატურის მესვეურებმა პარლამენტის წევრებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს, სადაც ითქვა, რომ მთავარმა პროკურატურამ დაასრულა იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებით უწყებაში შესული საჩივრების შესწავლა-იდენტიფიცირება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც კონსულტაციებში იღებდა მონაწილეობას, განმარტა, რომ საქმეები კატეგორიებად დაიყო. შეფასდა, რა ოდენობის ზიანზეა საუბარი, იძულებით გადაცემული თუ მიყიდული ქონებიდან რამდენია სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, რამდენია გასხვისებული. „ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ითქვას, თუ რას და რამდენს მოერევა სახელმწიფო. ეს საქმე დასრულებულია. ახლა უნდა დაიწყოს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის სამართლებრივი შესწავლა-გამოძიება იმის დასადგენად, მაგალითად, კონკრეტულ პირს აიძულეს თუ არა ქონების სიმბოლურ ფასად ვინმესთვის მიყიდვა, რაც სახელმწიფოს არ გადასცემია“ - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები