ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი სამწუხაროს უწოდებს პრემიერის - მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს.
ჟურნალისტებს ელჩმა განუცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მისი გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაცია.
„ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია“ , - თქვა ჰერჩინსკიმ.
„მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე“. ეს სიტყვები წარმართავდა ჩვენს მუშაობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს სიტყვები წარმართავდა ჩემს მუშაობას აქ, როგორც ევროკავშირის ელჩის, ორი წლის განმავლობაში. მე ძალიან ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ჩვენი კარის გაღება. ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, როგორც მე მესმის და ასევე ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას. რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება. ჩემი თვალსაზრისით, ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია და გულსატკენია“, – დასძინა ელჩმა.
მისივე შეფასებით, ეს სერიოზული სიტუაციაა და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას.
„ევროინტეგრაციის პროცესი სრულიად ნებაყოფლობითია. ევროკავშირში გაწევრიანებით დაინტერესებულმა ქვეყანამ უნდა შეიტანოს განაცხადი, დააკმაყოფილოს პირობები და აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ღია ვართ, მზად ვართ. საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გვსურს, საქართველო წინ წავიდეს, განაგრძოს სვლა და ისარგებლოს, რომ ევროკავშირი ღიაა აღმოსავლეთის მიმართულებით. ტრიოს სხვა ორი ქვეყანა, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიიწევენ წინ. ისინი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან წევრობის პირობებზე. გუშინ გავიგეთ, რომ საქართველომ შეწყვიტა ინტერესი ევროინტეგრაციის გაგრძელების მიმართ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა. როგორც მესმის, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას და საქართველოს ყველა წინა მთავრობის განცხადებებს“.
ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.
28 ნოემბერს. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებას.
მანამდე, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე-ფაქტო შეჩერდა”.
17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და საქართველოს ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისი, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების გატარებისენ მოუწოდა. ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მხოლოდ მიმდინარე პროგრამების ნაწილში ეს თანხა 121 მლნ ევროა.
მასალის გამოყენების პირობები