ღვინის წარმოების გაზრდა ჯერჯერობით ვენახების არსებული ფართობებითაც შეგვიძლია" წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, ქინძმარაული, ახაშენი, ხვანჭკარა - დღეს საქართველოში ადგილწარმოშობის 18 ღვინოა რეგისტრირებული, აქედან 14 კახეთში და თითო-თითო ქართლში, იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში. ჩვენთან ასევე იწარმოება სუფრის ღვინოები და ერთიც და მეორეც საკმაოდ დიდი მოცულობით გადის საექსპორტო ბაზრებზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო წლებში იზრდება. მაგალითად, 2007 წელთან შედარებით, ქართული ღვინის გაყიდვა 2012 წელს 2,1-ჯერ გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ემბარგოს მოხსნამდეც ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იმატებდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის - ჩინეთში, სადაც შარშან მილიონზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა. 2012 წელს კი ქართული ღვინო სულ 43 ქვეყანაში გავიდა ექსპორტით და 23 მილიონი ბოთლი შეადგინა. უფრო ახალ მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2014 წლის 6 თვეში (იანვარ-ივნისი) ღვინო გავიდა 34 ქვეყანაში (26,872 მილიონი). ეს კი 136%-ით მეტია 2013 წლის პირველი 6 თვის მონაცემზე. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში შედიან რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ჩინეთი, სადაც რუსეთი ექსპორტის მთლიანი მოცულობის 66%-ით ლიდერობს. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, რუსეთი ქართული ღვინისთვის მაინც არასტაბილურ ბაზრად განიხილება და აქცენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე კეთდება, მით უფრო, რომ 1-ლი სექტემბრიდან მათი კარი ფართოდ იღება ქართული ღვინისთვის.
მასალის გამოყენების პირობები