რეგიონი
"ენმ"-ის წევრი საკრებულოს თანამშრომლისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ამავე საკრებულოს წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" ზვიად ჯგერენაიასგან ბოდიში მოხდას ითხოვს. შესაბამისი განცხადება მან საკრებულოს დღევანდელი სხდომის დამთავრების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის წევრმა საკრებულოს აპარატის ერთ-ერთი თანამაშრომელი, მერი შენგელაია საჯაროდ, სოციალურ ქსელში უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მან ბოდიში უნდა მოიხადოს. განცხადების ადრესატი დღევანდელ სხდომას ოჯახური პრობლემების გამო არ ესწრებოდა.

იგივე მოთხოვნა აქვს საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელ მერი შენგელაიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

"იყო მუქარაც, მითხრა სხდომაზე მოვალ და მიიღებ რაც საჭიროაო. ორ დღის ვადას ვაძლევ მომიხადოს ბოდიში, სადღაც მჯერა და იმედი მაქვს, რომ ამას გააკეთებს",- ამბობს შენგელაია.

თავის მხრივ, ზვიად ჯგერენაია ბოდიში მოხდას არ აპირებს და აცხადებს, რომ ამას ისინი, თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე არ იმსახურებენ.

"უკვე ეჭვი მეპარება მათ გონებრივ შესაძლებლობებში...ზონდერებად მოგვიხსენიებენ და იმ ცხრა წელს გვაყვედრიან, რომლის ერთ-ერთი შემოქმედი თავად ლაშა გოგიაა, გაიხსენოს სად მუშაობდა და როგორ მოვიდა აქამდე... კორცხელის ინციდენტის დროს ტვინის მსუბუქი შერყევა მივიღე და არც ერთს არ გაუკეთებია განცხადება, ახლა კიდევ ჩემგან ითხოვენ ბოდიშის მოხდას...იჩივლონ, ყველა ინსტანციაში გავყვები", - აღნიშნა ჯგერენაიამ რადიო "ათინათთან" სატელეფონო საუბარში.


Print