დაშლილი პარტია და ურთიერთბრალდებები "დემოკრატიულ მოძრაობაში"(ვიდეო)
15:37 / 15.06.2016
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის
თავმჯდომარე გოგიტა ბიგვავამ
დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მისი განმარტებით, მან პარტია გუნდთან ერთად დატოვა, რადგან საარჩევნო
შტაბის ახლადდანიშნული უფროსი გონერ პაპავა მათთვის მიუღებელია.
ამასთან, მისივე თქმით, შტაბის უფროსის დანიშვნა ადგილობრივ აქტივთან
შეუთანხმებლად მოხდა. პარტიის ადგილობრივი ოფისის უკვე ყოფილი
ხელმძღვანელის მტკიცებით ადგილზე პარტია დაიშალა.
"პაპავას სახელი პოლიტიკურ მერყეობასთან და ინტრიგებთან არის
დაკავშირებული. ის თავის დროზე იყო "ნაცმოძრაობის" აქტიური წევრი,
შემდეგ კი "ქართულ ოცნების" საარჩევნო შტაბში ერთ-ერთი წამყვანი
ფიგურანტი. ის ასევე განათლების რესურსცენტრიდან ფინანსური და სხვა
დარღვევების გამო გაათავისუფლეს", - აღნიშნა მან.
ბიგვავას ბრალდებებზე გონერ პაპავამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა,
რადგან, მისი თქმით, ის ბიგვავას არ იცნობს.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში კი
ადგილობრივი ორგანიზაციის უკვე ყოფილ ხელმძღვანელის ბრალდებებს
ბრალდებებითვე უპასუხეს. აქ აცხადებენ, რომ ბიგვავას პარტია საკუთარი
სურვილით არ დაუტოვებია და ის დაკავებული თანამდებობიდან პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
"გვქონდა ინფორმაცია, რომ მას კავშირი ჰქონდა "ქართულ ოცნებასთან" და
რაც ყველაზე მეტად მიუღებელია "ნაციონალებთან". ასევე,მან მოითხოვა
რომ ცესკო-ში ჩვენს წარმომადგენლად მისი მეუღლე დაგვენიშნა, რაც ჩვენს
ეჭვებს უფრო ამყარებს, რომ მას ჩვენი ხმების გაყალბება სურდა ", -
აღნიშნა პარტიის რეგიონალური სამსახურის მთავრი საბჭოს წევრმა მამუკა
აჩბამ.
თავის მხრივ, ბიგვავა აცხადებს, რომ ის არ გაუთავისუფლებიათ და
პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. რაც
შეეხება, პარტიებთან თანამშრომლობის საკითხს, ბიგვავა უარყოფს და
აცხადებს, რომ ვისაც აღნიშნულთან კავშირი აქვს ეს სწორედ პაპავაა.
"ცესკოში ჩემი მეუღლის დანიშვნაზე კი მინდა გითხრათ, რომ მსგავსი
დირექტივა პარტიისგან მიივიღე. მითხრეს, ისეთი ადამიანი დანიშნე ვისაც
ენდობიო და ამ შემთხვევაში ვენდე ჩემს მეუღლეს. მან შესაბამის
გამოცდებიც ჩააბარა და პარტიაშიც ყველანარად ხელს უწყობდნენ.
სხვათაშორის, კორცხელის შუალედურ არჩევნებში დაიცვა ჩვენი ინტერესები,
მაშინ რატომ არ ჰქონდათ პრობლემა, თუ ეს მიუღებელი იყო", - თქვა
ბიგვავამ.
გოგიტა ბიგვავა ზუგდიდის ორგანიზაცის თავმჯდომარის პოსტზე,
თვითმმართველობის არჩევნების ჩემდეგ, 2014 წელს დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები