Error
საზოგადოება
ვიქტორ იანუკოვიჩმა ვიტალი კლიჩკოს ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მზად არის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე არსენ იაცენიუკის დათანხმების შემთხვევაში, მთავრობა დაითხოვოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა განაცხადა. "თანხმობის შემთხვევაში, თუ არსენ იაცენიუკი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს, მაშინ პრეზიდენტი იანუკოვიჩი მიიღებს გადაწყვეტილებას მთავრობის დათხოვნის შესახებ", - აღნიშნა ელენა ლუკაშმა. მისივე განმარტებით, იაცენიუკის გარდა, იანუკოვიჩმა ოპოზიციას კიდევ ერთი თანამდებობა შესთავაზა. კერძოდ, პარტია "უდარის" თავმჯდომარეს ვიტალი კლიჩკოს უკრაინის პრეზიდენტმა ჰუმანიტარულ საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, პარტია "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო, "ბატკივშინას" ლიდერი არსენი იაცენიუკი, ფრაქცია "თავისუფლების" ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი.
Print