საზოგადოება
საქართველოს უმეტეს რაიონებში ყინვაა მოსალოდნელი
8-10 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით ყინვაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განაცხადა, 7 იანვრიდან დასავლეთ საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. შესაბამისად, 7 იანვარს, დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში წვიმა თოვლში გადავა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ძლიერი თოვლი მოსალოდნელია მთასა და მაღალმთაში. ითოვებს თბილისშიც. ამასთან, 7-8 იანვარს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერი ქარი იქროლებს. კერძოდ, 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით კი - 20-25 მეტრი წამში; მაღალ მთაში იქნება ქარბუქი. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე _ ზვავსაშიშროება. 8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოთოვს, მათ შორის - თბილისშიც. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამით ყინვები დაფიქსირდება. 9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან კი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე თოვა შეწყდება. 9-10 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -6;-1 გრადუსი დაფიქსირდება; მთაში _ -12;-7 გრადუსი; მაღალმთაში _ -20;-15 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10;-5 გრადუსი; შიდა ქართლში (გორსა და ხაშურში) ღამით _ -14 გრადუსამდე; მთაში ღამით _ 15;-10; მაღალმთაში ღამით _ -23;-18 გრადუსი. თბილისში 9 იანვარს ღამით -5 გრადუსი იქნება; 10 აინვარს ღამით კი _ -6.
Print