საზოგადოება
სათემო ლიდერების ერთობლივი კონფერენცია ლოპოტაში (ვიდეო)
ქალაქ თელავში, სასტუმრო-კომპლექს ლოპოტაში, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი, თემის განვითარების რესურს ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია ჩატარდა.  შეხვედრას ესწრებოდა 77 მონაწილე და მასზე წარმოდგენილი იყო 45- მდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია და სათემო თუ ქალთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან.  მათ შორის, პროექტის ჩართული ორგანიზაცია სამეგრელოდან - ასოციაცია "ათინათი" და ასევე, პროექტის ბენეფიციარები - სამეგრელოს თემის ლიდერი ქალები. შეხვედრა მიზნად ისახავდა სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს შორის გამოცდილების გაზიარებას, კონტაქტების დამყარებას, სხვადასხვა სახელწიფო პროგრამებზე ინფორმაციის მიღებას და სათემო ორგანიზაციების განვითარების საჭიროებების გამოვლენას. შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგნენ ღონისძიების ორგანიზატორები, სათემო ორგანაზაციის ლიდერები, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, მეწარმეობის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. თითოუელი პრეზენტაციის შემდეგ სესია კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. DSCN7135 სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ეკა ურუშაძის თქმით, მოსახლეობა იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, სათანადოდ ინფორმირებული არ არის. "პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის პროცესში ხალხის ჩართვა საჭიროა. ასე რომ ყოფილიყო, ის ხარვეზები, რომლებიც დღეს არსებობს, შესაძლებელია, თავიდან აგვეცილებინა. გარდა ამისა, ამგვარი პროგრამები ამჟამად განხორციელების პროცესშია და ამ საკითხებზეც არა აქვს ხალხს ინფორმაცია", - აღნიშნა ეკა ურუშაძემ და დასძინა, რომ მსგავსი კონფერენციები გაგრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტის, ნოქალაქევის თემის საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორის ლია ხელაიას თქმით, აღნიშნული კონფერენცია მათთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო. "ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს მოსახლეობასთან და ვიცით მათი პრობლემების შესახებ. აქედან გამომდინარე, სამინისტროს წარმომადგნელებს ის კითხვები დავუსვით, რომლებიც ხალხს აწუხებს. იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. თავის მხრივ, სამინისტროს წარმომადგნლებმა თავიანთი ხედვები და პროგრამები გაგვაცნეს", - თქვა რადიო "ათინათთან" საუბარში ლია ხელაიამ. კონფერენციის შემაჯამებელ ეტაპზე, სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების სურვილებისა და საჭიროებების გამოვლენა, ჯგუფური მუშაობის მეთოდით მოხდა . კონფერენცია, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრმა, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში „ და საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის „ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
Print