Error
საზოგადოება
ადვოკატი - პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პიროვნება უდანაშაულოა (ვიდეო)
2013 წლის 12 თებერვალს, ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელის დ. ქ.  საქმეზე მსჯავრდებული აფხაზეთიდან დევნილი, 19 წლის ნექტარ ბელქანია უდანაშაულოა და მას პოლიციელის დაჭრასთან კავშირი არა აქვს. ამის შესახებ ადვოკატმა თანდილა ჯოლოგუამ დღეს, 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მსჯავრდებულის უდანაშაულობას სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი 5 ექსპერტიზის (ქიმიური, ბიოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ტრასოლოგიური და ფონოსკოპიური) დასკვნა ადასტურებს, თუმცა მისივე თქმით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნატრული აკობიამ ბრალდებულს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მიმდინარე წლის 30 მაისს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატის მტკიცებით, ნექტარ ბელქანიამ შემთხვევის ადგილი, პოლიციელის დაჭრის ფაქტამდე დატოვა. თანდილა ჯოლოგუა ასევე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დაჭრილი პოლიციელის დაკითხვის შემდეგ დააკავეს, რომელმაც მსჯავრდებული ფოტოსურათიდან ამოიცნო. „ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე საათში, როდესაც პიროვნება ჯერ კიდევ ნარკოზის ქვეშ იყო, ისე დაკითხა გამომძიებელმა და ფოტოსურათიდან მოახდინა ამოცნობა და ამის შემდეგ დააკავეს ნექტარ ბელქანია“, - აცხადებს თანდილა ჯოლოგუა. „ადამიანების გაუპატიურებასა და წამებაში ერთ-ერთი ბრალდებულის დედა დამიკავშირდა და წერილი გადმომცა, სადაც ვინმე პოლიციელი დ.  ქ.  იმხილება ამ მძიმე დანაშაულებების ორგანიზატორად და თანამონაწილედ,“ - აცხადებს ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა. დაჭრილი პოლიციელის დ. ქ.  საქმეზე მსჯავრდებულის ნექტარ ბელქანიას პროცესი, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დღეს გაიმართება. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო "ათინათთმა" პოლიციელ დ. ქ -სთან დაკავშირება სცადა, თუმცა აღნიშნული პიროვნება სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ხოლო ოჯახის ახლობელმა, ი.ქ-მ  რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 12 თებერვალს ზუგდიდის ცენტრში პოლიციელი დ. ქ. ახალგაზრდებთან შელაპარაკების შემდეგ დაიჭრა. პოლიციელი ზუგდიდის წმინდა ლუკას მრავალპროფილურ საავადმყოფოში პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულეს.
Print