Error
საზოგადოება
ზუგდიდის იუსტიციის სახლის მშენებლობა განახლდა
საქართველოს მთავრობის 25 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე იუსტიციის სახლების მშენებლობისა და აღჭურვისთვის დამატებით 5 მილიონი ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოებს შპს „დაგი“ და შპს „ნოვა“ ასრულებენ. „შიდა მოპირკეთებას შპს „ნოვა“ ასრულებს, ხოლო გარე ინტერიერზე შპს „დაგი“ ზრუნავს. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, თუმცა გაუთვალისწინებელი პრობლემები თუ შეიქმნა, გადავადებაც შესაძლებელი იქნება“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ შპს „ნოვას“ წარმომადგენელმა დათო თოდუამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლის მშენებლობის მეორე ეტაპისთვის საჭირო თანხა საქართველოში იუსტიციის სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილი 21 მილიონ 400 ათასი ლარიდან გამოიყო. „პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ბოლო დროს ეს საკითხი ყბადაღებული თემა იყო. რეალურად კი საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ დრომდე მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო თანხის მხოლოდ ნაწილი იყო გამოყოფილი“, - განუმარტა რადიო „ათინათს“ ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ. ზუგდიდის იუსტიციის სახლის მშენბელობა, დაახლოებით 2 თვის წინ შეჩერდა. ცნობისთვის, ზუგდიდის იუსტიციის სახლის მშენებლობას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფუძველი გასული წლის 16 ივლისს ჩაუყარა.
Print