პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დემურ ანთიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მათ წევრებზე საჯარო მოხელეების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. დემურ ანთიას თქმით,„თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლი, მირანდა ჩახაია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარსადგენად პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერებს აგროვებდა, როდესაც თავისი სოფლის, კახათის რწმუნებულმა გიორგი სორდიამ შემოუთვალა, რომ „ეს არ იყო მისი საქმე“.
დემურ ანთია პარტიის რეგისტრატორებზე გარკვეული ზეწოლის ფაქტზე რადიო „ათინათთან“ საუბრობს - „ ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველო“ ცესკოში რეგისტრაციაში გატარდეს. ამისთვის გარკვეული რაოდენობის ხელმოწერებია საჭირო, რომელიც გროვდება, მთელი საქართველოს მასშტაბით ასევე ზუგდიდშიც. ვაწყდებით წინააღმდეგობებს, ხდება ჩვენს კოორდინატორებთან ფარული ნომრებით ჩემი სახელით დარეკვა და მათი დაბარება შეხვედრაზე. ეს არის ტერორი და ზეწოლა“– განაცხადა დემურ ანთიამ.
თავის მხრივ, სოფელ კახათის რწმუნებულმა გიორგი სორდიამ რადიო “ათინათთან“განმარტა, რომ ამ თემაზე არ სურს საუბარი და კომენტარს ვერ გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები