ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, მომღერალსა და მსახიობ გიორგი ფოჩხუას სახეზე დაზიანებები აღენიშნება, – ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ. დაღუპულის დის, ელენე ფოჩხუას განცხადებით, გარდაცვლილს დაზიანებები თვალისა და ყელის არეში აქვს მიყენებული. “მოკლულია ნამდვილად. ნაცემია, თვალებზე სილურჯე აქვს, ყელზე კი ხელი ან თოკი აქვს მოჭერილი – ან ზღვაში ჩაახრჩვეს ან მოკლეს და შემდეგ გახადეს ტანსაცმელი, რომ ყველას გაეგო, თითქოს გიორგი დაიხრჩო. ის ნასვამი იყო, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, ზუსტად ვიცი, წყალში ნასვამი არასდროს ჩადიოდა”, – აცხადებს ელენე ფოჩხუა.
გარდაცვლილის მამიდის, ნარგიზა ფოჩხუას ვარაუდით კი, გიორგი ფოჩხუა მკვლელობამდე გაძარცვეს. “მას წაართვეს მობილური ტელეფონი, საქორწინო ბეჭედი და ფოტოაპარატი. ამის შემდეგ კი მოკლეს”, – ამბობს ნარგიზა ფოჩხუა.
დაღუპულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მკვლელის ვინაობა ცნობილია და მას სამართალდამცავები ეძებენ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალები არ ხმაურდება.
მასალის გამოყენების პირობები