ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით გამართულ დისკუსუაზე იმსჯელეს.
შეხვედრა შვედური ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ინფორმირებულობისა და განათლების ცენტრი“ - ფარგლებში მოეწყო. შეხვედრას არასამთავრობო სექტორი, ევროკავშირის დამკვირვებლები, UNDP-წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. შეკრებილმა საზოგადოებამ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, შეხედულებები გაუზირეს და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს.
„საქართველომ აფხაზი ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, ურთიერთობის დარეგულირების პერსპეკტივა დღეს არ არსებობს, კონფლიქტის მოგვარების გზა ხალხური დიპლომატიაა, რაც ძალიან შორს გამიზნული პერსპექტივაა“ - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა, ისტორიკოსმა ნუნუ გულუამ.
პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისთვის საჭიროა ეროვნულ თანხმობას მივაღწიოთ. აფხაზეთის გარეშე საქართველოს მომავალი არ უწერია. ჩვენ უნდა ავაშენოთ საქართველო, რომელიც აფხაზეთს მიიზიდავს–აღნიშნა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა ბიძინა გამისონიამ.
შეხვედრაზე ასევე გაიჟღერა პრობლემის ეკონომიკური გზით მოგვარების პერსპექტივამ.
ყურადღება გამახვილდა მსგავს შეხვედრებზე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დასწრების აუცილებლობაზე. „აუცილებელია მსგავს შეხვედრებს ესწრებოდნენ ოფიციალური პირები, რომლებიც მესიჯს მიაწვდიან აფხაზებს– საზოგადოების აზრის შესახებ და ასევე იმ პირებს რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში იღებენ მონაწილეობას“- განაცხადა UNDP-ის წარმომადგენელმა ცირა კაკუბავამ.
დისკუსიაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდული ფრთა. „ცოტნე დადიანის დარბაზის“ ხელმძღვანელის კონსტანტინე კაკავას განცხადებით, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ჩვენ უნდა შევუნდოთ ერთმანეთს და ამასთან არ უნდა შევწყვიტოთ ყვირილი, რომ აფხაზეთი ჩვენია.“
როგორც ასოციაცია „იმედის“ ხელმძღვანელმა ქრისტინე კილანავამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას აღნიშნა, დისკუსიისას შემუშავებული კონფლიქტის მოგვარების რეკომენდაციები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ. მისივე თქმით პროექტი მომავალში კონფლიქტის თემაზე პოლიტიკური პარტიების მოწვევას და აფხაზეთთან დაკავშირებით მათი პროგრამის გაცნობას ისახავს მიზნად.
მასალის გამოყენების პირობები