„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სამეგრელოს ყველა რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
ზუგდიდში „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით მაჟორიტარი დეპუტატობისთვის თამაზ ჩარკვიანი იბრძოლებს. სენაკში-იგორ ბოჯგუა, მესტიაში-ფიქრია ავალიანი, აბაშაში-ზურაბ ლომია, ხობში-ამირან ქადარია. მარტვილში-გოჩა ცაგურია იყრის კენჭს, წალენჯიხაში-მალხაზ ვეფხვაძე, ჩხოროწყუში თამაზ მოსიძე, ხოლო ფოთში მაჟორიტარობისთვის გიორგი ტორონჯაძე იბრძოლებს.
პარტიის ლიდერი თავის მომხრეებს ენგურ-ქაღალდ კომბინატის კულტურის სახლში შეხვდა და საკუთარი პროგრამაც წარუდგინა. „მდიდარს ვართმევ ღარიბს ვაძლევთ“-ეს ლოზუნგი, ისევ პარტიის მთავარ დევიზად რჩება.
ამასთან ერთად პარტიის ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხალხს უფასო უმაღლეს განათლებას და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის პაკეტს დაპირდა. ისაუბრა ასევე სამუშაო ადგილების შექმნაზე, რაც მისივე თქმით, ტრანსნაციონალური კომპანიების დანგრევის შედეგად იქნება შესაძლებელი.
„დღევანდელმა სახელისუფლებო რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი მტრად გადაგვკიდებოდა“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ნათელაშვილის კრიტიკას ვერც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გადაურჩა. მან მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი იდეურ ძმებად მოიხსენია.
„სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვპირდები რეჟიმის შეცვლას, სააკაშვილის გადაყენებას, ნატოზე უარის თქმას და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას“-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა ნათელაშვილმა.
პარტიის ლიდერთან შეხვედრითა და მისი წინასაარჩევნო დაპირებებით დარბაზში შეკრებილი მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა, როგორც მათ რადიო „ათინათთან“ საუბრისას აღნიშნეს შალვა ნათელაშვილი ეროვნული კაცია, რომელიც მხოლოდ იმას გააკეთებს რაც ხალხს წაადგება და დაამრცხებს კორუფციას.
მასალის გამოყენების პირობები