ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება და ეს უნდა დაიწყოს აქედან, სამეგრელოდან , _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სამეგრელოს განსაკუთრებულ სიმტკიცეს 2008 წლის რუსული აგრესიის დროს და აღნიშნა, რომ საქართველოს უკან ვერავითარი ძალა ვეღარ დააბრუნებს.
"ჩვენმა მტერმა იცის, რომ ბევრი გაჭირვებაა და პრობლემების უმეტესობა გადასაწყვეტია. ამიტომ, მას ეგონა, რომ ახლა არის მომენტი, რომ ქართველებს სხვანაირად მივუდგეთ. მტერი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი დაიღალა და ფიქრობს, იქნებ, ამ არჩევნების შედეგად ლანგარზე მოგვართვას საკუთარი თავი და რასაც სხვა რაღაცით ვერ მივაღწიეთ, ისე ტკბილი სიტყვით, მოფერებით დავითრიოთ იქნებ ეს ულამაზესი ქვეყანა. ნურას უკაცრავად, ჩვენ გვექნება თავისუფლება, ჩვენ გვინდა განვითარება, გვინდა ევროპა, ნატო, უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება და ეს უნდა დაიწყოს აქედან, სამეგრელოდან", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს 11 ქალაქში წინასაარჩევნო შეხვედრებს - ყრილობას მართავს. თითქმის ყველა ქალაქში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები