"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებმა, პარტიის ლიდერ ბაჩუკი ქარდავას ხელმძღვანელობით, ენგურის ხიდთან აქცია გამართეს.
ბაჩუკი ქარდავას თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ სადემარკაციო ზოლს იქით - გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა რუსული სპეცსამსახურებისა და რუსული სამხედროების მხრიდან წნეხის ქვეშ იმყოფება. "რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოსახლეობამ არა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, არამედ ისეთი, როგორიც შეიძლება საოკუპაციო რეჟიმებს აწყობდეს. დღევანდელი აქციით ქართველებს დავანახეთ, რომ ისინი მარტო არ არიან" - განაცხადა პარტიის ლიდერმა.
მისივე თქმით, მოსახლეობა რუსული საოკუპაციო ძალების სურვილებს არ უნდა დაემორჩილოს და არჩევანი საკუთარი ნების მიხედვით უნდა გააკეთოს.
"მათ არჩევნების დღეს შეუძლიათ ზუგდიდში გადმოვიდნენ და საქართველოს სასარგებლოდ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. საოცრებაა, როცა უცხო ქვეყნის, მით უმეტეს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს საოკუპაციო ძალები ჩვენს მოქალაქეებზე ზეწოლას ცდილობენ".
მისივე ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას მიანიშნებს, რომ არჩევნებზე მხარი პრორუსულ პოლიტიკურ ორგანიზაციას დაუჭირონ.
ედპ-ს წარმომადგენლებმა, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები