კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა მერაბ ქვარაიამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით არსებობს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების მაისურებში გამოწყობილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ზუგდიდის რაიონში ხალხს ფულს ურიგებენ. საუბარია 20 და ზოგ შემთხვევაში 30 ლარის ოდენობის თანხაზე, რომელსაც ხალხს 22 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე მოსვლის სანაცვლოდ სთვაზობენ.
„ჩვენ ვიცით კონკრეტული მაგალითები, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა სოფელ ინგირში დაფიქსირდა. ვიცით იმ ადამიანების ვინაობა ვისაც შესთავაზეს თანხის აღება, მაგრამ მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ ვინაობას ვერ გავამხელთ. მინდა განვაცხადო, რომ „ქართულ ოცნებას“ თანხის დარიგების ფაქტთან არავითარი კავშირი არ აქვს, მე მივმართავ ხელისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობას, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს, რომ თავი დაანებონ მსგავსი ტიპის პროვოკაციებს“-განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა.
„იყო გარკვეული ყოყმანი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ნებართვა გაცემულია და შეხვედრა გაიმართება. ძალიან დიდი რაოდენობის ამომრჩევლები შეიკრიბებიან 22 სექტემბერს ზუგდიდის მთავარ მოედანზე, გაიმართება საზეიმო შეხვედრა. ეს იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვების დასაწყისი“ - განაცხადა მან.
კოალიცია ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ასევე 22 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზეც ისაურა და განაცხადა რომ მათ ოფიციალურად მიიღეს ნებართვა აქციის ჩატარების თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები