"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა,
როლანდ ახალაიამ დღეს სოციალური ქსელით სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა,
სადაც ის აღშფოთებას გამოთქვამს პატიმრების გაუპატიურებისა
და წამების გამო და წინასაარჩევნოდ მისი გვარის მიზანმიმართულ
შებღალვაზე საუბრობს. მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურებოდი კანონის უზენაესობას
და ვწუხვარ, რომ ჩემი ოჯახის გვარს წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად და
ვერაგულად უკავშირებენ ამ სიბინძურეს, - ამის შესახებ ვიდეომიმართვაში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა როლანდ ახალაიამ განაცხადა. მისი თქმით, ის გმობს იმ ძალადობის ფაქტებს,
რაც საზოგადოებამ იხილა.
"ძვირფასო ზუგდიდელები, მოგმართავთ ყველას და არამარტო ჩემს მხარდამჭერებს.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულისტკივილი და აღშფოთება იმ ძალადობის ფაქტების
გამო, რაც საზოგადოებამ იხილა. ეს არის შემაშფოთებელი რამ. ვგმობ ამ ყველაფერს და
ვაპროტესტებ თქვენთან ერთად. მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურებოდი კანონის უზენაესობას
და ვწუხვარ, რომ ჩემი ოჯახის გვარს წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად და
ვერაგულად უკავშირებენ ამ სიბინძურეს. აგრეთვე ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას,
რომ ამომრჩეველი შეიყვანონ შეცდომაში.
მებრძვიან ყოვლად უხამსი მეთოდებით, მივარდებიან სახლში და ამით ლახავენ არა
მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის უფლებებს, არამედ როგორც პიროვნების
უფლებებს", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.
მასალის გამოყენების პირობები