„სამეგრლომ ზუსტად იცის როდის უნდა გამოვიდეს და როდის უნდა დადგეს ერთად“- ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე შეკრებილ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს მიმართა.
პრეზიდენტმა გამოსვლის დასაწყიში აღნიშნა, რომ მან მთავრობის წევრებთან ერთად ლაზიკის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. „ლაზიკით მეგრელები გავაკვირვებთ მთელს საქართველოს და აუცილებლად გავაკვირვებთ მთელ მსოფლიოს“.
სააკაშვილის განცხადებით, 9 წლის წინ სწორედ ამ მოედნზე საქართველოს დიდ აღმშენებლობას ჩაეყარა საფუძველი . „არასოდეს ამ მოედანზე არ შეკრებილა ამდენი ხალხი, სწორედ თქვენ შექმენით ეს მთავრობა“-აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა და შეკრებილ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა 9 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ განხორცილებული რეფორმების შესახებ. მან ისაუბრა 2003 წლის შემდეგ საქართველოში დაგებულ 5600 კილომეტრ ახალ გზაზე, 150 ახლად აშენებულ საავადმყოფოზე, დაზღვევის მქონე ადამიანთა 100-ჯერ გაზრდილ რაოდენობაზე და სამომავლოდ პენსიის 100 დოლარამდე გაზრდაზე.
მიხეილ სააკაშვილი ასევე შეეხო წინა დღეს, ამავე მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ მანიფესტაციას და აღნიშნა, რომ იმ შეხვდრისას მოედანზე შეკრებილი ადამიანები არ იყვნენ სამეგრელოს წარმომადგენლები და იმ ადამიანებს, ვინც გუშინ ხალხს მიმართავდა, მალე იმედგაცრუება ელის.
„დღეს არის კვირა. სულ რაღაც 8 დღეში იმ ხალხს, ვისაც ეგონა, რომ აქედან გავიდოდა უკანა კარებით, უკან დააბრუნებდა ქურდულ წესრიგს, ორგანიზებულ დანაშაულს, რუსულ პუტინურ წესებს, 8 დღეში ამ ხალხს ელის ძალიან დიდი იმედგაცრუება, იმიტომ, რომ მთელი საქართველო აქ დგას. ამ ხალხს აქვს გრძელი სია დასანგრევი ობიექტების, იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ ჩვენი ანაკლიის ხიდი, მათ არ მოწონთ იუსტიციის სახლები, მათ არ მოსწონთ ქუთაისის პარლამენტი. დაწვებიან და თავისი ჭკუით არ აგვაშენებინებენ ლაზიკას. ეს არის მათი პროგრამა. მათი პროგრამა არის ნგრევის, ხალხის დაჭერის, მათ შორის მასწავლებლების დაჭერის. ჩვენი პროგრამა არის აღმშენებლობის".
პრეზიდენტის ვრცელმა გამოსვლამ შეკრებილი საზოგადოების ოვაციებისა და მისი სახელის სკანდირების ფონზე, მშვიდობინად ჩაიარა.
მასალის გამოყენების პირობები