რუბრიკები
პოლიციამ ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მიშა შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იგი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

სამართალდამცველების  ინფორმაციით, მიშა შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, დარჩელი-ორსანტიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა 15 ოქტომბერს, გვიან ღამით, სოფელ დარჩელში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ტაქსის მძღოლს გოდერძი შ-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, მიშა შ. შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილის კუთვნილი ავტომობილით მიიმალა, მოგვიანებით კი ავტომანქანა მეზობელ სოფელში - ახალ კახათში მიატოვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, მიმდინარეობს.

Print