რუბრიკები
საფეხბურთო კლუბ"ზუგდიდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“, განხორციელებული საკადრო ცვლილების შემდეგ, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.  გუნდის დირექტორმა გელა ინალიშვილმა მოკლედ მიმოიხილა არსებული ვითარება და ახალი მთავარი მწვრთნელი მედიას წარუდგინა. ინალიშვილმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე მემკვიდრეობას, როცა გუნდი ფორსმაჟორულ პერიოდში, 26-ე ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე  ჩაიბარეს. გუნდის დირექტორმა და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, „ზუგდიდის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ნესტორ მუმლაძეს გაწეული საქმიანობისთვის  მადლობა გადაუხადა.

გუნდის ახლადწარდგენილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ პირველი წრის ბოლომდე, დარჩენილ ექვს ტურში ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯებიან და არავის მისცემს მოდუნების საშუალებას. ბესიკ შეროზიას თქმით, იანვრიდან გუნდი სხვა სახეს მიიღებს, გაძლიერდება რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელით. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ სასურველია აქცენტი გაკეთდეს ადგილობრივი კადრების გუნდში დაბრუნებაზე.

 „ჩვენი მიზანი და ამოცანაა დავუბრუნოთ „ზუგდიდს“ ის ღირსება, რაც მანამდე ქონდა. წინასწარ ვერ დავგეგმავ, რა იქნება ჩვენი მაქსიმუმი პირველი წრის ბოლომდე. შეიძლება ისეთი მოულოდნელი თამაში მოიგოს გუნდმა.. ჩათვალეთ, რომ ყველა თამაში ჩემთვის იქნება ის ფინალი, ექვსი ტური დარჩა, ექვსივე ფინალი - აი, ამ მოტივაციით გავლენ ბიჭები. დავლაგდებით. ყველა უნდა გაერთიანდეს ამ გუნდის გარშემო. დამიჯერეთ, ეს აკლდა ზუგდიდურ ფეხბურთს“, - განაცხადა ბესიკ შეროზიამ.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ბესიკ შეროზიამ პირველი წვრთნა ჩაატარა.

Print