რუბრიკები
სკორსეზეს ახალმა ნამუშევარმა დაფინანსება მოიპოვა
ბევრი გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია ელის მარტინ სკორსეზეს ახალ ნამუშევარს. თანაც, ის, რომ რეჟისორი “სიჩუმეზე” მუშაობდა, რამდენიმე თვის წინ დაანონსდა. სურათმა, რომელზეც სკორსეზე 20 წელიწადზე მეტია მუშაობს, როგორც იქნა, მოიპოვა დაფინანსება! შესაბამისად, გადაღებები ძალიან მალე, 30 იანვარს დაიწყება! როგორც ამბობენ, პირველ სცენებს ტაივანში გადაიღებენ.

Paramount Pictures-მა უკვე ოფიციალურად მოიპოვა სადისტრიბუციო უფლებები “სიჩუმეზე”, რომელშიც მთავარ როლებს ენდრიუ გარფილდი, კენ ვატანაბე და ლიამ ნისონი შეასრულებენ. შეგახსენებთ, რომ სწორედ Paramount-ს ეკუთვნოდა რეჟისორის ბოლო სამი ფილმის სადისტრიბუციო უფლებაც.

სკორსეზეს ახალი სურათი დაფუძნებულია შუსაკუ ენდოს ნოველაზე, რომელშიც მოქმედება მე-17 საუკუნეში ვითარდება და ორ მღვდელზე მოგვითხრობს. “სიჩუმე” მათი თავგადასავლის ეკრანიზაციაა, სადაც, ქრისტიანობის ქადაგებისას, მღვდლები უამრავ ძალადობას აწყდებიან და მუდმივად იდევნებიან.

როგორც ამბობენ, მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი 2015 წლის ნოემბერში გამოვა. “სიჩუმეს” უკვე უწინასწარმეტყველებენ ბევრ ჯილდოსა და დიდ წარმატებას.

ფილმის ტრეილერს გამოსვლისთანავე ნახავთ ჩვენს ვებგვერდზე.

Print