შს მინისტრის მოადგილე ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)
15:35 / 14.02.2015
დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შსს წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, პროექტის "უსაფრთხო ქალაქი" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თვალაკაძემ, შსს ადმინისტრაციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს, უწყების მიერ გაწეული სამუშაოების, ადამიანის უფლებების დაცვის, დანაშაულთან ბრძოლისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოქალაქეებმა კითხვები, ძირითადად, გახშირებულ კრიმინოგენულ ფაქტებზე, უბნის ინსპექტორის ინსტიტუტის გაძლიერებაზე, შს სამინისტროში ხშირ საკადრო ცვლილებებზე, უსაფრთხო სკოლასა და პოლიციაში ყოფილი ხელისუფლების კადრების არსებობაზე დასვეს.
მოქალაქე აზა ჯოჯუამ მინისტრის მოადგილეს უთხრა, რომ მისი საცხოვრებელი ბინა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ოთხი თვის წინ გაქურდეს, თუმცა საქმე დღემდე არ გახსნილა. აღნიშნულზე არჩილ თვალაკაძემ განაცხადა, რომ ამ ფაქტით დაინტერესდება.მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პოლიციელები დანაშაულებების გახსნაზე აქტიურად მუშაობენ რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.
უბნის ინსპექტორებთან დაკავშირებით, არჩილ თვალაკაძემ აღნიშნა, რომ ეს პროექტი ჩავარდა და ძლიერ რგოლად ვერ იქცა, თუმცა მისივე თქმით, სამინისტრო ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ამ ინსტიტუტს ჩაანაცვლებს.
"ეს იქნება საზოგადოებრივი პოლიციელი, რომელიც ხალხთან იმუშავებს და მოქალაქეების პრობლემებზე იქნება ორიენტირებული" , - განაცხადა არჩილ თვალაკაძემ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პოლიციის მაღალჩინოსნების ხშირ ცვლილებაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს რეალურად პრობლემას წარმოადგენს და ამ საკითხის მოგვარებაზე სამინისტრო მუშაობს.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მურმან მალაზონიას შენიშვნაზე პოლიციის რიგებში სხვადასხვა დანაშაულთან ასოცირებული პიროვნებების ყოფნასთან დაკავშირებით - მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ საკითხს სამინისტრო ფრთხლად უდგება.
"ვერ ვიტყვით, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ არის დარჩენილი. ძალიან ბევრმა მაღალჩინოსანმა თუ რიგითმა პოლიციელმა დაწერა განცხადება და დატოვა თანამდებობა. თუ დადასტურდა, რომ ამა თუ იმ პოლიციელს რამე დანაშაულთან აქვს კავშირი, არ მოვერიდებით მის გათავიუფლებას ან დაჭერას", - თქვა არჩილ თვალაკაძემ.
რაც შეეხება ასოციაცია "ათინათის" წარმომადგენელის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც უსაფრთხო სკოლას ეხებოდა, სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით უშუალოდ სამინისტრო არ მუშაობს, თუმცა უწყება განათლების სამინისტროსთან ერთად ახორცილებს პროექტს, რომელიც დანაშაულის პრევენციას ითვალისწინებს და ლექციების მთელ ციკლს მოიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ახალი კამპანია - "უსაფრთხო ქალაქი" საქართველოს 10 ქალაში გაიმართება. შს სამინისტროს წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა ქ. ოზურგეთში ჩაატარეს.
მასალის გამოყენების პირობები