სწორი სტრატეგია - C ჰეპატიტის ელიმინაციის გარანტი (ვიდეო)
14:05 / 17.02.2015
დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში , C - ჰეპატიტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო სტრუქტურებისა და დაწესებულებების მიერ C - ჰეპატიტის პრობლემის შეფასებასა და იმ სტრატეგიის დასახვას, რომელიც მუნიციპალიტეტში C - ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის წარმატებულ განხორციელებას ხელს შეუწყობს.
საკოორდინაციო შეხვედრა მერიის ჯანდაცვის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
"C- ჰეპატიტის პრობლემა წლებია ჩვენს რეგიონს მძიმე ტვირთად აწევს და ამაზე მეტყველებენ თუნდაც მოქალაქეების ის განცხადებები, რომელიც ჯანდაცვის განყოფილებაში მრავლად შემოდის. იმ შემთხვევაში თუ სახლემწიფო პროგრამაში უფასო დიაგნოსტიკა არ შევა, ამ პრობლემის მოგვარებაზე თვითმმართველობა იზრუნებს და მოქალაქეებს საშუალება ექნება მკურნალობასთან ერთად უფასო დიაგნოსტიკის პროგრამითაც ისარგებლონ", - თქვა მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ნინო სხულუხიამ.
საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. ახალი უპრეცედენტო პროექტი, რომლის განხორციელებაც თებერვლიდან უნდა დაიწყოს, დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს. მთავრობა მოსახლეობას ჰპირდება, რომ პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე ჩაერთვება, სამ წელიწადში კი საქართველო C ჰეპატიტს დაამარცხებს.
მასალის გამოყენების პირობები