რუბრიკები
ფოთის პორტთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)
ფოთის პორტის მეორე ნავსადგურში მალტიის დროშის ქვეშ მცურავი გემის სარკინიგზო ცისტერნიდან 10 ტონამდე პიროლიზური ფისი დაიღვარა, რამაც მოქალაქეების მოწამლვა გამოიწვია.  10-მა მათგანმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მიმართა.  ათივეს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, თუმცა ხუთის ჰოსპიტალიზება საჭირო გახდა. მოქალაქეები გულის რევის შეგრძნებას, თავის ტკივილს და წნევის ცვალებადობას უჩიოდნენ. ექიმების განცხადებით, ერთი პაციენტი უკვე გაწერეს, ოთხი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პორტის ადმინისტრაციამ მომხდართან დაკავშირებით  მხოლოდ პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ფაქტი დაადასტურა და განმარტა, რომ ნივთიერების ამოტუმბვა დასრულებულია და ის ცისტერნებშია მოთავსებული. მოგვიანებით, ფოთის პორტში, პიროლიზური ფისის დაღვრასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

"ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი.  ასევე, იმყოფებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. განხორციელდა სინჯების აღება და გატარდება შესაბამისი რეგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია კონტროლზეა აყვანილი, რაც გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Print